პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში შეიქმნას ინტერნეტის ერთიანი ურთიერთგაცვლის ცენტრი.

ყველა ქვეყანაში, სადაც ინტერნეტი მეტნაკლებად არის განვითარებული, ქსელის ოპერატორები, ინტერნეტპროვადერები, კონტენტპროვაიდერები ერთმანეთთან ჩართვასა და მონაცემების გაცვლას აწარმოებენ ასეთი ცენტრების IXP (Internet Exchange Point “აი ექს პი” ) საშუალებით.

საქართველოში ინტერნეტის ურთირთგაცვლის ცენტრის შექმნის ინიციატორები არიან კომპანიები და კერძო პირები, ვისაც ესმით, რომ “ცენტრის” არსებობა აუცილებელია ქვეყნის სწრაფი და ხელმისაწვდომი ინტერნეტიზაციისათვის, ბაზარზე შემოსვლის ბარიერების შემცირებისთვის, კონკურენციის ხელშეწყობისთვის.

საწყის ეტაპზე პროექტში ჩართული არიან ააიპ “საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია”, “ნიუტელკო ჯორჯია”, შპს “გლობალ ერთი”, შპს “ კავკასიის ციფრული ქსელი”, შპს “ალტერნეტი”, ასევე რეგიონებში მოქმედი სხვადასხვა მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები.

“ცენტრის” არსებობის უმთავრესი პირობაა, რომ იგი განთავსებული უნდა იყოს ნეიტრალურ დატაცენტრში.

“ცენტრის” დაფუძნება ხდება როგორც არაკომერციული, არასემეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არამედ გამიზნულია მხოლოდ თავისი დამფუძნებელი წევრების ქსელების გამართული და ოპტიმალური მუშაობისათვის, ოპტიმიზაციისთვის და ქსელების შეერთებების დუბილერების თავიდან აცილებისთვის და მისი კარი ღიაა ყველა მსურველი ოპერატორისთვის.

ჯეიქს-ის დაფუძნების, მისი ოპერირებისა და განთავსების საწყის ხარჯებს აფინანსებს საქართველოში დანიური და გერმანული ინვესტიციით შექმნილი, უმაღლესი კლასის დატაცენტრებისა და კოლოკაციების ცენტრების საერთაშორისო ოპერატორი – “ნიუტლკო ჯორჯია”, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში Newtelco GmbH, ხოლო საქართველოს ფილიალი გაიხსნა თბილისში 2012 წელს. “ნიუტელკო ჯორჯია” “ურთიერთგაცვლის ცენტრში” გაწევრიანებისა და ჩართვის პირველ 20 მსურველს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ გამოუყოფს გარკვეულ კოლოკაციის სივრცეს თავის დატაცენტრში, პოლიტკოვსკაის 5-ში.