რას შეცვლის საქართველოში ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის შექმნა

posted in: news | 0

საქართველოში ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი იხსნება. პროექტი ხორციელდება, საქართველოში დატაცენტრებისა და კოლოკაციების ცენტრების საერთაშორისო ოპერატორის, ნიუტელკო ჯორჯიას მხარდაჭერით.

ორგანიზატორების განცხადებით, ცენტრი უზრუნველყოფს ინტერნეტ ხარისხის გაუმჯობესებას, ქვეყნის სწრაფ და ხელმისაწვდომ ინტერნეტიზაციას.

მათივე მტკიცებით, ეს თავის მხრივ, დაასტაბილურებს კონკურენტულ გარემოს, ხელს შეუწყობს ქსელების დუბლირების თავიდან აცილებას, ინტერნეტ ტრაფიკების განაწილების ოპტიმიზაციას, საოპერაციო დანახარჯების შემცირებას და ბაზარზე შემოსვლის ბარიერების მინიმალიზაციას.

ცენტრი დაფუძნდება როგორც არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი. მისი მიზანია, უზრუნველყოს დამფუძნებელ წევრთა ქსელების გამართული და ოპტიმალური მუშაობა. ცენტრის არსებობის უმთავრესი პირობაა, რომ იგი განთავსებული იყოს ნეიტრალურ დატაცენტრში.

ნიუტელკო ჯორჯიას დირექტორ, გიორგი გოთოშია On.ge-სთან ცენტრის ფუნქციებზე და მნიშვნელობაზე საუბრობს:

“ყველა ქვეყანაში, სადაც ინტერნეტი მეტნაკლებად არის განვითარებული, ქსელის ოპერატორები, ინტერნეტ პროვაიდერები, კონტენტ პროვაიდერები ერთმანეთთან ჩართვასა და მონაცემების გაცვლას აწარმოებენ ასეთი ცენტრების აი ექს პი-ს (IXP -Internet Exchange Point) საშუალებით.

საქართველოში, ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის შექმნის ინიციატორები არიან სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები. საწყის ეტაპზე პროექტში ჩართული არიან ააიპ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია, ნიუტელკო ჯორჯია, შპს გლობალ ერთი, შპს კავკასიის ციფრული ქსელი, შპს ალტერნეტი, ასევე რეგიონებში მოქმედი სხვადასხვა მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერები”.

გიროგი გოთოშიას თქმით, ჯეიქს-ის დაფუძნების, მისი ოპერირებისა და განთავსების საწყის ხარჯებს აფინანსებს საქართველოში დანიური და გერმანული ინვესტიციით შექმნილი საერთაშორისო ოპერატორი – ნიუტელკო ჯორჯია. ნიუტელკო ჯორჯია ურთიერთგაცვლის ცენტრში გაწევრიანების და ჩართვის პირველ 20 მსურველს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ გამოუყოფს გარკვეულ კოლოკაციის სივრცეს თავის დატაცენტრში.

როგორც ნიუტელკო ჯორჯიას დირექტორი ამბობს, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ ხარისხი და სერვისის თვითღირებულება. შესაბამისად, მათი აბონენტებისათვის ეს ნიშნავს საიტებზე სწრაფ შესვლას შეყოვნების გარეშე.

კითხვაზე, ახლა რომელი კომპანიები სარგებლობენ და როგორ შეძლებენ სხვა პროვაიდერები ცენტრში გაერთიანებას, გოთოშია პასუხობს:

“ცენტრი ღიაა ყველა ინტერნეტ პროვაიდერისა და ქსელების ოპერატორითვის, ვისაც გააჩნია საკუთარი AS ნომერი (აქვთ RIPE-დან მიღებული IP მისამართები). საქართველოში ამჯერად არის 80-მდე უნიკალური AS ნომერის მქონე ქსელის ოპერატორი. პოტენციურად, ყველა ეს კომპანია ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის წევრი იქნება.”

საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის (აი ექს პი) პრეზენტაცია გაიმართება 28 სექტემბერს 12:00 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის პირველ დარბაზში. თვითონ ცენტრი კი განთავსდება თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას #5-ში, ნიუტელკო ჯორჯიას დატაცენტრში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩართვის წერტილები გაიხსნება ასევე რეგიონებშიც.

წყარო: ონ.გე, ავტორი: თამუნა გეგიძე

Leave a Reply